ავიდა... დაჯდა უხმოდ... მთლად ბოლოში არა, მაგრამ არც "ტორპედოზე"... გარინდულია... ფიქრებით სადღაც დაფრინავს სამყაროურად... ხანდახან გაიღიმებს... ააბრიალებს თავის კამკამა და ციცინათლა თვალებს... თავისთვის ჩაეცინება და მერე საკუთარ თავზეც იცინის რა მაცინებდაო... მერე სხვებზე იცინის რატომ არ იცინოდნენ მე რომ ვიცინოდიო, ანდა რატომ მიყურებენ ამ გაკვირვებული თვალებითო... მოკლედ, თავის გართობა არ ეშლება... ყურები ამოვსებული - Pink Floyd უბერავს თავისთვის... არ იცის რითი იმაღვალაკოს... არადა ავლაბრამდეც გრძელი გზაა... ვახ, რა სიმპათიური მძღოლია? ნამდვილი საჭეთმპყრობელის სახე აქვს... სახე? ნუ კეფა (სახეს ვერ ხედავს)... არა! მართლა სიმპათიურია - როგორც იქნა აირეკლა სარკეში... ახალია? როგორ გავიცნო?...
უი, დროა ჩემი ჩასვლის... საფულე გახსნა... 1, 2, 3 ოცთეთრიანი და კიდევ ორი ცალი ათთეთრიანი... სრულიად საკმარისია... კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას, ნაცნობიც არავინაა რომ გადაუხადოს...
- გააჩერეთ! აი, იქნებეთ!
და მძღოლს ხუთლარიანი გაუწოდა... ალბათ იფიქრებ მკითხველო, თავად მძღოლს გადაუხადაო... არამც და არამც! ხუთლარიანი გაუწოდა იმ იმედით რომ ვიდრე ის ხურდას მონახავდა, ეს ჩასვლას და ფულის გამოსართმევად შემობრუნებას და სახეში შეციცინება-შეელვებას მოასწრებდა. ჰოდა, სწორედ ამიტომ, მარშუტკიდან სასწრაფოდ ჩამოვიდა. ჩამოვიდა???
აი, ჩვენი არაკის კულმინაციას მიუახლოვდით...
ამას უფრო ავარიული დაშვება ერქვა... მარშუტკის კარი გაიღო და ტ ყ ლ უ მ პ . . . ჩვენი გმირი მიწაზე გაიშხლართა... დედა საქართველოს ჩაეკრა-ჩაეკონა... მუხლიდან სისხლმა ავლაბრის ფანტანივით იფეთქა... „სიმპატიურკეფიანი“ მძღოლი შეშინებული მიაჩერდა მომღიმარ სახეს, ულამაზესი ანცი თვალებით რომ ანათებდა იქაურობას... არ ვიცი შიშის გამო იყო თუ რა, მაგრამ აშკარად, იმ კეფით, უკეთესს ელოდა ჩვენი დაზარალებული....
ვითომც არაფერიო, ხურდა გამოართვა და მუხლიდან სისხლის თხრიალით გაუყვა ელიას მთას - სასწავლებელში ეჩქარებოდა...
ყვითელი მარშუტკა იქამდე იდგა გაშეშებული, ვიდრე მგზავრებმა არ შეუძახეს... „სიმპატიურკეფიანი“ გონებადაკარგული თვალებით მიაცილებდა ჩვენს „მფრინავს“... და დღემდე, მთელს თბილისში, ამაოდ დადის და დაეძებს მის ღიმილსა და ანც თვალებს...