მე შენ ჩემი სამოთხიდან უბრალოდ გაგაძევე
რახანია ჩემ თავში შენთან გამართული ბრძოლა დამღლელ, დაუსრულებელ ომად იქცა. ძალაგამოცლილი გონების კუთხეებში გემალებოდი ხოლმე და ვცდილობდი ღონე მომეკრიბა. ამასობაში კი თხელდებოდა მოთმინების ძაფი, დედდებოდა თვალებში ჩამდგარი ცრემლად ქცეული სევდა და მხოლოდ ერთი სურვილიღა მრჩებოდა. მინდოდა აღგზნებით დაგსხმოდი თავს და საბოლოოდ გამენადგურებინე ჩემს არაცნობიერში.
~ • ~
ოდესღაც შენ წმინდა წყალი იყავი ჩემში სულს და გონებას რომ მირწყავდა. მერე კი დაგუბდი, დაჭაობდი და აყროლდი. მუხლმოდრეკილი გევედრე გამოფხიზლებულიყავი, მზის სხივები მიგეკარებინა. რა არ ვცადე, როგორი მიწისქვეშა შენაკადები არ გაჩუქე, რა ფართობზე არ გაგიშვი დასაპყრობად, რა ტალღები არ გავაჩინე სიბინძურე ნაპირზე რომ გამოგერიყა, მაგრამ შენ მაინც უაზროდ აამღვრიე წყალი და იქვე დატოვე. ნუ მისაყვედურებ ამიტომ, მერე რომ კალაპოტი შეგიმზადე და განგდევნე. შენში არსებულმა პატარა ცოცხალმა არსებებმა იციან, როგორ ვცდილობდი მათ გამოკვებვას, შენ კი იჯიუტე, ახლა კი შენგან მხოლოდ შლამიღა დამრჩა. ამას როგორც თიხას ახალი ფიგურების გამოსაძერწადაც კი არ გამოვიყენებ. უბრალოდ უგზო უკვლოდ აგაორთქლებ.
~ • ~
დღეს შენი მობილურის ნომერი დამავიწყდა. აღარც ის მახსოვს რა ზომის ტანსაცმელს ხმარობ. აღარც შენი ხმა მესმის საყვარლად ყურებში და საერთოდაც, მეცოდება შენი არსება. მხოლოდ უგუნურებისგან დაბრმავებული და დაბეჩავებული, დრამატულად გაუნათლებელი არსებისადმი მიჩნდება ასეთი განცდა და სიმართლე გითხრა, აღარ მინდა ჩემში დატოვებული შენი ბინძური კვალი გავასუფთაო. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ, მე შენ ჩემი სამოთხიდან უბრალოდ გაგაძევე.
~ • ~
შენ ჩემი არსებობის დროით ძაფზე არც პერიოდად, არც ერად და არც უმოკლეს მონაკვეთად აღგნიშნავ. შენ იქნები უბრალოდ წერტილი, დაწყებისთანავე რომ მთავრდება.
სიყვარული შენთვის მიღმიერია და ვერასდროს შეიცნობ მას რეალურად.















