ღამე ყველაზე ინდივიდუალური და ჩემეული რამაა. ვფიქრობ ღამით უფრო მეტად “მე” ვარ ვიდრე დღის სხვა დროებში. სულ უბრალო და თან “ბრალიანი”. უბრალო იმიტომ რომ ღამით არ შემწევს ძალა ირგვლივ დიდი ლოდების აღმართვის და უფრო რეალური ვარ. “ბრალიანი” იმიტომ რომ მხოლოდ ამ დროს შეგიძლია დამინახო სრულიად, ყველანაირი დანაკლისის გარეშე, ყველა ემოციით და ყველა გრძნობით. ღამე ზედმეტად ბევრ კარს ხსნის ჩემს გონებაში და მეც დავეხეტები დიდ დერეფნებში, სხვადასხვა კარებებში, სხვადასხვა ადამიანთან ერთად. გარდა იმისა, რომ გულწრფელობა შემოაქვს ჩემში, ასევე უფრო ემოციურსაც მხდის, ყველა საკითხთან მიმართებაში. ხშირად დიალოგებსაც ვმართავ გონებაში სხვადასხვა ადამიანებთან, სხვათაშორის საინტერესოა.
ღამე სხვა თემაა… მთვარის სინათლეც სულ სხვა თემაა. უფრო ნაზი და ფრთხილია. მზის სხივებმა შეიძლება დაგწვას, მაგრამ მთვარის სინათლე არასდროს არ დაგიშავებს არაფერს. თითქოს არც ჩანს და არც არსებობს მაგრამ მაინც, მისი ბნელი სხივები ბევრად მირჩევნია მზის სხივებს.
ზღვაც ღამით უფრო ლამაზია. რამდენი ვარსკვლავი ციმციმებს ზღვის ტალღებში. ვარსკვლავი თუარა ღამის ნათება მაინც აირეკლება სიფრიფანა ზედაპირზე. და რალამაზია… როცა თხელი თითებით ეხები მას და მასში საკუთარ ტალღებს წარმოქმნი. სასიამოვნოა იმის წარმიდგენაც კი თუ როგორ ეხება თითის ბალიშები ნაზ სხეულს, რომელიც ღამეს აირეკლავს.
მიყვარს ღამე. თავისი მრავალფეროვნებით. სისულელეა იმის ძახილი რომ დილა უფრო ფერადია, ვიდრე ღამე. მე ვერ მომატყუებთ. არაფერი მირჩევნია ღამის მშვიდ მღელვარებას. არაფერი მირჩევნია მის აშკარა იდუმალებას, ბნელ სინათლეს.
მაინც რამდენიხანი შეიძლება ღამეზე საუბარი… ალბათ უსასრულოდ. ჩემთვის უსასრულო თემაა, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როცა რაღაცის უსასრულობა ინტერესს იწვევს ჩემში და სიამოვნებას.
ერთგვარი მუსიკაა. მასსავით მრავალჟანრობრივი და მრავალხმიანია. ნოტებითაა აწყობილი სხვადასხვა ინსტრუმენტზე და ადამიანების ხმებითაა დამშვენებული. არავინ იცის როგორ გადავა კლასიკური ნოტებიდან სულაც ჰარდ როკზე, ყველაზე უხეში მაგალითით.
ღამე ერთი დიდი სცენაა სადაც ყველაფერი ზედმეტად ხმამაღლა ჟღერს.
უბრალო ჩურჩულიც კი ჭექს, ისე იფანტება ყველა კუთხეში და აღწევს ყველგან, იქაც კი, სადაც საერთოდ არაფერი არ ესაქმება.
რამდენ რამეს შეიძლება შევადაროთ ის ასე დაუსრულებლად. თან თითოეულს ისე დაუკავშირდება თითქოს საერთოდაც ეს ყველაფერი მხოლოდ მისთვის არსებობს.