გარდაცვალება.
ვწვები ლოგინში საცვლის ამარა. გადაწეული ფარდების მიღმა, ოდნავ გამოღებული ფანჯრიდან ცივი სიო შემოიპარა ოთახში. ჩუმად ვუყურებ ოქროსფრად მოელვარე ლამპიონების შუქზე მთრთოლვარე ხეების ფოთოლთა რხევას და ნელ-ნელა ძილი მხრებზე ხელებს მხვევს და თავისკენ მექაჩება. მეც არ ვეწინაააღმდეგები და მივყვები ინერციის ძალას. თვალები დავხუჭე. (1…2…3) ვიღაც ჩემ სხეულს უხეშად არხევს აქეთ-იქით. ყვირილი. გოდება. თხოვნა. მუქარა. მე თან მესმის და თან არა. ვხედავ ჩემ სხეულს ისე, თითქოს კოსმონავტი კოსმოსის სიღრმიდან ოკეანეს აკვირდებოდეს. ყველგან შუქია. მე შუა ოთახში ვწევარ. მცივა. შუშის თავსახური მაფარია. რა ხდება? ყველა მოწყენილია. ყველა ტირის. თავთან ჩემი სურათი, სანთლები და ყვავილებია. აი ჩემი კლასელები, მასწავლებლები, თანამშრომლები, ნათესავები, “უბნელები”, მეზობლები, შორეული ნაცნობები, ერთი-ორი კურსელი და ყოფილები. დედა.. დედა დედას აღარ ჰგავს. ეს უკვე შვილმკვდარი ფიტულია. ტკივილის გროვა. მამა? ჰმ.. საინტერესოა როგორ მოვა ჩემს კუბოსთან და როგორ მიუსამძიმრებს დედაჩემს. ველოდები მის გამოჩენას, მაგრამ იქნებ საერთოდ არც მოვიდეს? უი, მოიცადე, ტკივილი? სევდა? იმედგაცრუება? შიში? სად გაქრა ყველაფერი? რატომ ვარ ასე თავისუფლად.. ცოტა არ იყოს უცნაურია. აი თურმე როგორია როდესაც კვდები. კი არ კვდები, არამედ გარდაიცვლები. სხვა არსებად გარდაიქმნები და ყველაფერს სხვა თვალით ხედავ, მაგრამ შენ ვერავინ გხედავს. ვქრები. თითქმის აღარ ვარ. რაღაც სულ უფრო და უფრო ვშორდები საკუთარ სხეულს. საიდან მოვედი ან სად მივდივარ ახლა? რა იყო ამ ცხოვრების დანიშნულება? როგორი იქნება ჩემი სახლი უჩემოდ? ვინ ჩაეხუტება ჩემ ძაღლს ისე როგორც მე? ვინ გადააფარებს საბანს ჩაძინებულ დედაჩემს? ვინ დაელაპარაკება თუთიყუშურად ჩემ თუთიყუშს? ვინ აანთებს ნათურებს მთელს სახლში? ვინ მოეფერება ჩემ ქუჩის ცუგებს? ვინ ეტყვის მათ რომ უსაყვარლესები არიან? ნარუტო რომ არ დამიმთავრებია.. ჰო ვთქვი რომ ისე არ მოვკვდებოდი.. მაგრამ მე რომ არაფერს ვწყვეტდი თურმე, ახლა გავიგე. აი უკვე ყველაფერი ბუნდოვანია. ვეღარ ვხედავ ვერაფერს. ეს არის გარდაცვალება.
















