ნარკოტიკი - ნამდვილი იტალიური ტრაგედია
| ლუთერული წერილები - პიერ პაოლო პაზოლინი
თარგმანი: ლაშა კალანდაძე
მათთვის, ვინც ნარკოტიკებს არ მოიხმარს, ნარკომანი “განსხვავებულია. ამგვარად, ის ამორიცხულია ადამიანთა რიგებიდან მის მიმართ გამოვლენილი რასისტული აღშფოთების, ან შესაძლო თანაგრძნობისა და გაგების გამო. “განსხვავებულებთან” ურთიერთობაში შემწყნარებლობა და შეუწყნარებლობა ერთი და იგივე ფენომენია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ შეუწყნარებელს მიაჩნია, რომ განსხვავებულის განსხვავებულობას არავითარი ახსნა არ მოეძებნება და, შესაბამისად, ის მარტოოდენ ზიზღს იმსახურებს, შემწყნარებელი ადამიანი მეტ-ნაკლები გულწრფელობით საკუთარ თავს ხშირად ეკითხება ამ “განსხვავებულობის” მიზეზებს.
მეცა და ჩემი მკითხველიც “შემწყნარებელი” ადამიანები ვართ - განა ამაზე ორი აზრი არსებობს? შესაბამისად, ვსვამ შემდეგ კითხვას: რა არის მიზეზი იმისა, რომ ნარკოდამოკიდებული “განსხვავებული” ადამიანი ნარკოტიკს მოიხმარს? რასაკვირველია, ინდივიდუალური შემთხვევებისთვის კონკრეტული ახსნა არსებობს, სახელდობრ, ფსიქოლოგია. თუ ყოველგვარი სენტიმენტების, მორალისა და თანაგრძნობის გარეშე, ერთი კონკრეტული, ნარკოდამოკიდებული ინდივიდის განხილვასა და გაანალიზებას დავაპირებ, მისი ცხოვრების - ბავშვობის, შობლების, ნეგატიური გავლენების და ა.შ. - შესწავლა მომიწევს. ასე რომ, ისეთი მწირი ფსიქოლოგიური ცოდნაც კი, რაზეც ყოველ ინტელექტუალს მიუწვდება ხელი, გარკვეული დიაგნოზის გასაკეთებლად საკმარისია. ეს დიაგნოზი კი, სხვათა შორის, მუდამ ერთი და იგივეა: სიკვდილის სურვილი. ეს ინდივიდუალური “მიზანი”, ხშირად გაცნობიერებულიც კი, რეტროაქტიურ ნათელს ჰფენს მთლიანად საანალიზო ინდივიდუალობას, რომელიც, ამგვარად ჩამოყალიბებული, სიღრმისეულად თანმიმდევრულია: თავისთავადი, უნიკალური ერთიანობა. “განსხვავებულობა” ყოველთვის მოუხელთებელია.
მაგრამ თუ ცალკეულ, ერთ კონკრეტულ ნარკომომხმარებელთან მიმართება ვერ გვთავაზობს გამოსავალს და მას კონტექსტი არ გააჩნია (თანაც, ერთ “კერძო” შემთხვევამდე დაყვანილი უკიდურესი კონკრეტიზაცია ისტორიისთვის გამოუსადეგარია), მომხმარებელთა მასის, უფრო სწორად, ზოგადად ნარკოტიკის ფენომენის განხილვით, პირიქით, შესაძლებელია ამ მოვლენის რაციონალიზება, მისთვის ისტორიული კონტექსტის მინიჭება.
ჩემი ძალიან მწირი გამოცდილებიდან, ერთადერთი, რაც ნარკოტიკების შესახებ ვიცი, ისაა, რომ ის ყოველთვის სუროგატია, კონკრეტულად კი - კულტურის სუროგატი. ამგვარი ფორმულირება ძალიან ზერელე, ამრტივი და ზოგადია. მაგრამ ახლოდან დაკვირვებისას სირთულეებსაც ვხედავთ. როგორც წესი, ხშირად, ნარკოტიკები სიკვდილის სურვილისგან გამოწვეულ ანუ, კულტურულ სიცარიელეს ავსებენ. კულტურის შესაყვარებლად დიდი სიცოცხლისუნარიანობაა საჭირო. კულტურა სპეციფიკური, ან უკეთ - კლასობრივი გაგებით, ფლობას ნიშნავს: და არაფერს სჭირდება უფრო ძლიერი და მძვინვარე ენერგია, ვიდრე ფლობის წადილს. ვისაც ამ ენერგიის სულ მცირე დოზა მაინც არ გააჩნია, ის ნებდება. და ვინაიდან ჩვენ ზოგად ინდივიდზე ვლაპარაკობთ, რომელიც, თავისი ტრამვებისა და სენსიტიურობის გამო, სპეციფიკურ, ელიტის კულტურას მიეკუთვნება, მის გარშემო იქმნება კულტურული სიცარიელე. ამ სიცარიელის შექმნა, სხვათა შორის, თავად ამ ინდივიდსაც კი სწადია (რათა შექმნას სიკვდილის შესაძლებლობა) და მას ნარკოტიკების სუროგატით ავსებს. ნარკოტიკების ეფექტი ჰბაძავს რაციონალურ ცოდნას გამოცდილებით, რომელიც ამ ცოდნიდან “გადახრაა”, მაგრამ ამავე დროს მისი მსგავსიცაა.
ამგვარ შემთხვევებს უფრო მაღალ კულტურულ დონეზეც კი ვხვდებით: არსებობენ მწერლები და ხელოვანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. რა მიზნით? ვფიქრობ, ისინიც სიცარიელეს ივსებენ, მაგრამ მხოლოდ კულტურულ სიცარიელეს კი არა, არამედ - აუცილებლობისა და წარმოსახვის სიცარიელეს. ასეთ შემთხვევებში, დახვეწილობას სასოწარკვეთა, ხოლო სტილს - მანერიზმი ცვლის. არავის განვსჯი. უბრალოდ ვამბობ, რომ არსებობს პერიოდები, როდესაც უდიდესი ხელოვანებიც კი ყველაზე სასოწარკვეთილი მანიერისტები არიან.
მკითხველი აუცილებლად შენიშნავდა, რომ ნარკოტიკების ფენომენზე ისე ვლაპარაკობ, როგორც ათი ან ოცი წლის წინ, მეტიც, საუკუნის წინ ვილაპარაკებდი.
მე ვგულისხმობდი ინდივიდებს, რომლებსაც კონკრეტულ და კერძო შემთხვევებში, სურდათ თავდავიწყება, “ყველაფრის უარყოფა, კულტურის ღირებულებების მიერ შემოთავაზებულ სიამოვნებებზე უარის თქმა, ფლობისა და პყრობის პრივილეგიების უკუგდება; ანუ, ფაქტობრივად, ვლაპარაკობდი ელიტის - კლასის - სპეციფიკურ კულტურაზე.
მაგრამ სიტყვა “კულტურა” აქ მხოლოდ ელიტის, კლასის სპეციფიკურ კულტურას არ ნიშნავს; ის ასევე (ამ სიტყვის მეცნიერული მნიშვნელობით - როდესაც მას ეთნოლოგები, ანთროპოლოგები, სოციოლოგები იყენებენ) მთლიანად ქვეყნის ცხოვრების წესსა და ცნობიერებას, ან ხალხის ისტორიულ ბუნებას შეესაბამება, მასთან ერთად კი, ხშირად, გაუცნობიერებელი და დაუწერელი ნორმების უსასრულო რიგებს, რაც განსაზღვრავს კიდეც ამ ხალხის ქცევას, სინამდვილის მათეულ აღქმას.
არსებობს ისტორიული ეპოქები, სადაც ნარკოტიკის ადგილი არ რჩება - უფრო სწორად, ამ სივრცეში არ გვხვდება იმ ცალკეულ ინდივიდთა “შინაგანი” კულტურული სიცარიელეები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ამ სიცარიელის გამო, აღსასრულს მიაშურონ და ნარკოტიკების კულტურული სუროგატით მოისწრაფონ სიცოცხლე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პერიოდი, როდესაც ნარკოტიკებისთვის ადგილი არ მოიძებნებოდა, სულ ახლახანს და დიდი ზარ-ზეიმით განვვლეთ - სახელდობრ, კლერიკალურ-ფაშისტური რეპრესიების პერიოდი (ფაშიზმის ოცი და ქრისტიან-დემოკრატიული რეჟიმის ოცდაათი წელი). ამ პერიოდის განმავლობაში მმართველ, გლეხურ და პალეინდუსტრიულ მოსახლეობაში ფესვი გაედგა კულტურას, ან უკეთ რომ ვთქვათ, სხვადასხვა კულტურათა ქსელს, სადაც ფასეულობები და ქცევის მაგალითები სრულიად ურყევი იყო, ხოლო “ტრადიცია” - განსაკუთრებული. ვგულისხმობ იტალიას (ჩემდა სამარცხვინოდ, ჯერ კიდევ იტალიანისტი და დიალექტისტი ვარ), ანუ ქვეყანას, სადაც რევოლუცია არ მომხდარა და მმართველი კლასი რაოდენობრივად ოლიგარქიას წარმოადგენდა (ვატიკანი, ჩრდილოერთის დიდი ინდუსტრიები და სხვა დანარჩენები), ხოლო საშუალო კლასს ფინანსურად ოდნავ წელგამართული პლებეები აყალიბებდნენ. კლერიკალურ-ფაშისტური “რეპრესიები” ხალხური ფასეულობებისთვის ოფიციალური (შესაბამისად, იდიოტური, შეშლილი) მნიშვნელობის მინიჭებასა და პოლიციური მეთოდებით გავრცელებაში მდგომარეობდა.
ასეთ ისტორიულ ვითარებაში ნარკოტიკები კონკრეტულად საშუალო კლასისთვის დამახასიათებელი ფენომენი იყო - სპეციფიკურად ელიტური კლასის კულტურის სუროგატი. ჩვეულებრივ ხალხს მასთან შეხება არ ჰქონია. ხალხური “კულტურა” არც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და არც კრიზისში იყო ჩაფლული. ის არ შეცვლილა ასობით, ათასობით წლის განმავლობაში (ყველა ხალხური ტრადიცია სინამდვილეში ინტერნაციონალურია).
დღესაც კი პიაცა ნავონაზე რომ მოვხვდები და ნარკომანს დავინახავ, რომელიც მოწყენილი, საეჭვოდ დაყიალობს, მასში საშუალო კლასისთვის დამახასიათებელ უბედურებასა და უარყოფას ამოვიკთხავ ხოლმე და ვწყევლი იმ უცნობ გარემოებებს, რომლებმაც ეს კონკრეტული ადამიანი აუძილა, წიგნის კითხვის ნაცვლად ჰაშიში მოეწია. თუმცა, პიაცა ნავონაზე ასეთი, ერთობ რიტუალური შეხვედრა მაინც არაა ტიპური. გაცილებით მოსალოდნელია, ნარკომანს პიაცა დე ჩინკვეჩენტოს ან პიაცა კუატრიჩოლოს რომელიმე ბარში გადააწყდე.*
*[პაზოლინი ხაზს უსვამს იმას, რომ არაპრესტიჟულ, არაბურჟუაზიულ, ლუმპენპროლეტარიატით დასახლებულ უბნებში მომრავლდნენ ნარკომანები]
რისი თქმა მსურს ამით? იმის, რომ ნარკოტიკების ფენომენი უკანასკნელი ათი-ოცი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. ის უკვემასებს და, შესაბამიასდ, ყველა სოციალურ კლასს ეხება (თუმცა, მისი მოდელი მაინც წვრილბურჟუაზიულია, სამოციანი წლების დიდი საპროტესტო მოძრაობის შედეგად მღებული).
ამგვარად, ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ნარკოტიკებისთვის სივრცე (თუ “სიცარიელე”) უსაშველოდ გაიზარდა.რატომ? იმიტომ, რომ იტალიაში განადგურდა ან განადგურების პროცესშია კულტურა ამ სიტყვის ანთროპოლოგიური მნიშვნელობით - “საყოველთაო” კულტურა. შესაბამისად, მისი ტრადიციული (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) ნიმუშები და ფასეულობები მხედველობაში უკვე აღარ მიიღება, ან მალე დადგება ამის დრო. მაგალითად, “ღმერთი” და “ოჯახი” ორი იდიოტური ფასეულობაა, როდესაც მათი სახელით მღვდლები და მორალისტები გვესაუბრებიან (ალბათ სამხედროებიც), მაგრამ ისინი თავისთავადი, თვითკმარი ფასეულობებია, როდესაც მათ მიხედვით ყალიბდება ხალხური ცხოვრების წესი (რომელიც შესაძლოა არც არის იმ დონეზე, რასაც ისტორიას ვუწოდებთ). დღეს მათ ძალა დაკარგეს. ახალგაზრდა ადამიანებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ნარკომომხმარებლებზე, ამ ფასეულობების სახელით ვეღარ დაელაპარაკები. მთელი კულტურის ფასეულობათა ამგვარმა დაკნინებამ ერთგვარი ანთროპოლოგიური ცვლილება გამოიწვია და ყოვლისმომცველი კრიზისი წარმოშვა. ამ პროცესში ყველა სოციალური კლასია ჩართული და ფასეულობების დაკარგვაც ყველას ეხება, თუმცა ყველაზე მეტად მაინც დაბალი კლასის ახალგაზრდები “დაიჩაგრნენ” სწორედ იმიტომ, რომ ისინი, მმართველი კლასის ახალგაზრდებთან შედარებით, გაცილებით დაცული და შეურყვნელი კულტურის მიხედვით ხოვრობდნენ.
ვხედავ, გაზეთ “უნიტაში” (1975 წლის 20 ივლისი) როგორ ცდილობენ ნარკოტიკების ფენომენის “შემოფარგვლას”, მის გამარტივებას და ერთობ კლასიკური სქემის მიხედვით მასში საზოგადოების დადანაშაულებას. სინამდვილეში ნარკოტიკების ფენომენი უფრო ვრცელი პრობლემის ნაწილია. და სწორედ ეს მეორე, უფრო ვრცელი და ყოვლისმომცველი ფენომენია მხედველობაში მისაღები, სწორედ ესაა ჭეშმარიტი, მთავარი ისტორიული ტრაგედია. ვიმეორებ, ესაა მთელი კულტურის ფასეულობების გაუქმება, რომელთა ადგილიც ახალი კულტურის ფასეულობებს ჯერ არ დაუკავებია (თუ, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებით იმას, რომ კონსუმერიზმი “კულტურულად”” ვაღიაროთ. თუმცა, ეს ადაპტაცია, საუბედუროდ, ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება).
ამდენად, ფასეულობების შეუქცევადი კარგვის პრობლემა, რომელიც ნარკომოხმარების უაღრესად ფართოდ გავრცელებულ პრობლემას მოიცავს, მთელ ახალგაზრდობაზე ახდენს გავლენას. (ვიმეორებ, გამონაკლისია ის ახალგაზრდები, რომლებმაც ერთადერთ შესაძლო კულტურულ გამოსავალს მიაგნეს და კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდნენ.) მთლიანობაში ახალგაზრდა იტალიელები ქმნიან სოციალურს წყლულს, რომელსაც ალბათ ვეღარ ვუმკურნალებთ. ისინი ან უბედურები არიან, ან - კრიმინალები (ან კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელნი); ან ექსტრემისტები არიან, ან - კონფორმისტები. ამ ყველაფრის მასშტაბები ჯერ კიდევ არ ვიცით. ახალგაზრდების ურყევი გადაწყვეტილებაა, იცხოვრონ ამ სიცარიელითა და დანაკარგით, გადაიქცნენ მიუწვდომელ არსებებად;ანუ, უარი თქვან ყველაფერზე, რისი სახელითაც მათთან საუბარი შეიძლება (სუბკულტურული თემების გამოკლებით). იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილების სათავეში ნარკოტიკების მომხმარებლები გვევლინებიან, არანაირი სათუთი გრძნობები არ გამაჩნია მათ მიმართ. პირიქით, ძლიერ უარყოფით წინასწარგანწყობას ვგრძნობ მათდამი: ერთ მხარეს მათი შანტაჟი და მუქარაა, რომ განახორციელებენ თავიანთ მითოლოგიზებულ, სუბკულტურულ აქტს, მეორე მხარეს კი ჩემი პირადი დამოკიდებულება: ის, რომ ვერ ვიტან დანებებას, გაქცევას, რაღაც გაურკვევლისთვის თავის შეფარებას.
სწორედ ამიტომ, როცა პანელამ მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა და “დაუმორჩილებლობის” ჟესტი გააკეთა, მაშინვე მინიმუმ ათი სხვა მიზეზი მომაფიქრდა ანალოგიური დაუმორჩილებლობის ჟესტის გასაკეთებლად და პანელასთვის მემარცხენეობაში გადასასწრებად. ოდესმე დავასახელებ ამ მიზეზებს. მანამდე კი უნდა ვთქვა: როგორც იქნა, მივხვდი, რატომაა ნარკოტიკების (მათ შორის ძლიერი ნარკოტიკებისაც) დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა ნამდვილი შემწყნარებლობისთვის ბრძოლის ცენტრალური, არაპერიფერიული ასპექტი. რატომ?
თითქმის ყველა ინტელექტუალი დარწმუნებულია, რომ იტალიაში ვითარება გაუმჯობესდა. სინამდვილეში, იტალია საშინელი ადგილია; ამის მისახვედრად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ რამდენიმე დღით გასვლას კი საკმარისია. ბარსელონადან დაბრუნების შემდეგ (ქალაქი, რომელის საშინლად გაფორიაქებს, სადაც წარსული სულისშემხუთავია) ცხადად დავინახე იმ უფსკრულის მასშტაბი, რომელშიც იტალიელები მატლებივით ფუსფუსებენ. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ახალგაზრდები მყავს მხედველობაში. შესაბამისად, თუ რომელიმე ახალგაზრდა თავის თავში აღმოაჩენს სიკვდილის სურვილს, გნებავთ გაუცნობიერებლად, გნებავთ სუბკულტურული მითოლოგიზების მეშვეობით, როგორ მოახერხებს მის შეჩერებას საზოგადოება, რომელიც მას ასეთ საზარელ და ტრაგიკულ სპექტაკლს სთავაზობს?
“კორიერე დელა სერა”, 1975 წლის 24 ივლისი.

















