მაშინ, როცა მზე ჩემს თმებს ოქროსფერ სიმებს ჰკიდებს, როცა ჰაერი ნაკლებს იწონის წინა დღეებთან შედარებით, როცა ყველა სურვილი ჯადოსნური სიმსუბუქით მანიფესტირდება და როცა გონება დროის არარსებობას მთელი პოტენციალით აღიქვამს ხოლმე, ახლანდელობაში ისე ვიჟღინთები, როგორც წმინდა წყალი ნათლობის კაბაში.
აწმყოს ნაკადები თითქოს ისევე გვწმენდს, როგორც ქრისტიანებს მდინარე ნათლობისას. უბრალოდ ამჯერად წყლის მაგივრად დროის დინებები აკეთებს საქმეს. და უცნაურად, თუ პირიქით, სავსებით ბუნებრივად, ხმელეთის ნაკადებს იქითკენ მივყავართ, სადაც მეტი სიცოცხლეა, მეტი შესაძლო მომავალი; სადაც გააზრებულად, თუ გაუცნობიერებლად გველიან და სადაც ჩვენი მისვლა დღესასწაულს ჰგავს.
ლოგიკურია არა? ჩვენი ენერგია და სიცოცხლე იმ შენაკადებთან შეერთებას ელტვოდეს რომლებთანაც გადარჩენის, თავისუფლების მეტი შანსი აქვს. იქნებ, ერთ დღეს ეკოსისტემაც კი შევქმნათ ერთად.
ბევრი წელი, სანამ პუბერტატული უაზრო პროტესტი მქონდა გამოცხადებული დინების მიმართულებით ცურვისადმი, მეგონა ცხოვრება დამოუკიდებლად, თავისით ხდებოდა ჩემს თავს. რაღაცნაირ, არაკომფორტულ და არამეგობრულ ჭიდილში ვიყავი მასთან და სულელურად, სამყაროში ყველაზე თავისუფალი ენერგიის დამორჩილებას ვცდილობდი. ერთ დღეს, არსებობის რომელიღაც უცნაურ წელს, ძალიან მარტივად აღმოვაჩინე, რომ სიცოცხლე თურმე ჩემგან მოდიოდა და რაც უფრო მეტად ვიქნებოდი ჰარმონიაში საკუთარ თავთან, მით უფრო ადვილად წარვამრთავდი ცხოვრებას ისე, როგორც მე მომესურვებოდა. და რაც მთავარია, მით მეტად სასიამოვნო იქნებოდა მთელი ეს მოგზაურობა.
მოგზაურობა ახლანდელობაში, რომელიც დაცლილია ჩვენივე მოგონილი სტრესისგან და მხოლოდ მსუბუქ, უსაფრთხო და საამო ადგილსამყოფელს გვთავაზობს შემდეგ დანიშნულების წერტილამდე.
ჩემს აწმყოში დაუგეგმავად საოცარ არსებებს გადავეყარე დღეს.
რა მაქვს მეტი სათქმელი? ფაქტია, მუდამ მასთან მივდივართ, ვინც გველოდება.
და შენ ვის ელოდები?









