“არის ხოლმე ზოგჯერ ისეთი პერიოდები, ცხოვრება რომ გახრჩობს, ყელში გაჭერს და ამას ერთ რაიმე კონტეტულ გამომწვევ მიზეზს ვერ აბრალებ. მერე ხვდები , რომ ეს ის აუხდენელი ოცნებებია, ლამაზი სამყაროს ილუზიებია, განუხორციელებელი მიზნებია, სხვა ადამიანებზე დამყარებული ნდობაა, იმედგაცრუებაა. ხშირად როცა ფიქრობ, რომ ფრენა შეგიძლია სამყარო მაშინ გაჭრის ძირში ფრთებს და ფრენის იდეას დიდი ხნით ინახავ შენი ცხოვრების თვალით მიუწვდომელ მომავლის გეგმებში. იქნებ არც ვყოფილვართ ფრენისთვის მზად, იქნებ სამყარო გვიფრთხილდება, იქნებ საბედისწერო დაფრენისგან გვიცავს. მაგრამ შენ ამას ვერ ხედავ და გახრჩობს გამოუხატავი “მე” გიჭერს ყელში, როგორ ლამაზად შეასრულებდი ბედნიერი და ლაღი ადამიანის როლს, მაშინ როცა რეალობაში სული ასე გიმძიმდება. ვერც კი იღებ საკუთარი თავისგან კითხვებზე პასუხს რატომ შორდები ადამიანებს, იმის შიშით, რომ ვერ გაგიგებენ, თუ არ გინდა შენი სიმძიმით სხვაც დაამძიმო.





















