"ალია"- ექვსი თვე ისრაელში ...
2014 წლის 14 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოვემშვიდობე ჩემს მშობლებს, მეგობრებს და გავუდექი გზას, რომელიც ვიცოდი არ იქნებოდა მარტივი და არ ვიცოდი ზუსტად სად მიმიყვანდა,თუმცა მქონდა მიზანი სწავლის გაგრძელება და უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი. ჩემი და ყველა გარშემომყოფის მღელვარებას კიდევ უფრო ამძაფრებდა ღაზას სექტორში იმჟამად არსებული განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობა. ეს იყო ჩემი მესამე ვიზიტი ისრაელში. პირველი ორი ვიზიტი იყო ტურისტული და ნათესავების მონახულების მიზნით განპირობებული, რომლებიც მრავლად მყავს ისრაელში და ისე მიდგანან მხარში როგორც საკუთარი ოჯახის წევრები. მოკლედ, ისევე როგორც ბევრმა ებრაული წარმოშობის მქონე ადამიანმა მეც გავაკეთე "ალია", რაც ივრითულად "ამოსვლას" ნიშნავს, ანუ ამოსვლას წმინდა მიწაზე (რეპატრიაცია).
ისრაელის სახელმწიფო შექმნის დღიდან უწყობს ხელს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ებრაული წარმოშობის მქონე ადამიანებს დაბრუნდნენ და გახდნენ მისი სრულუფლებიანი მოქალაქეები. აქვე მინდა განვმარტო განსხვავება ებრაელსა და ისრაელელს შორის(რაც ხშრად ხდება განხილვის საგანი) ებრაელად ითვლება ის პიროვნება რომელსაც დედა ჰყავს ებრაელი, არ აქვს მნიშვნელობა მამის წარმომავლობას, გახდე ებრაელი ეს მეტად რთული პროცესია, ვინაიდან იუდაიზმის მძიმე და რთული წეს-კანონების ზედმიწევნით ცოდნა მოგეთხოვება, ხოლო გახდე ისრაელელი ეს ნიშნავს მიიღო ისრაელის მოქალაქეობა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, როგორც ებრაელის შთამომავალმა. ჩემს შემთხვევაში როგორც ბაბუაჩემის (მამის მამის) შთამომავალს და ქართულ-ებრაული გვარის მქონეს სრული უფლება მქონდა ჩამოვსულიყავი, მიმეღო მოქალაქეობა და ის ბევრი პრივილეგია (მათ შორის უფასოდ უნივერსიტეტში სწავლა), რაც ამ ქვეყანაში ახალ რეპატრიანტებს ეკუთვნით.
ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში, ბარგის აღებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მივიღე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გავხდი ისრაელის მოქალაქე. ამის შემდგომ კი ასევე სახელმწიფოს მიერ გამოგზავნილი მანქანით წავედი ულპანში, იქ სადაც დაიწყო ისრაელში ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდი (ჯერჯერობით ასე მივიჩნევ).
ულპანი- ასე ეწოდება ისრაელში და სხვა ქვეყნებში არსებულ ყველა ივრითის (ებრაული ენის) შემსწავლელ ინტენსიურ კურსებს. ივრითი არის ენა, რომელიც თავისი დამწერლობით რადიკალურად განსხვავდება ყველა იმ ენისაგან, რომელთანაც აქამდე მქონია შეხება, თუმცა გავს ქართულ ენას გრამატიკულად და რამდენიმე ფრთიანი ფრაზაც კი აქვს საზიარო მასთან.
ულპანს, რომელშიც მე ვსწავლობდი ეწოდება "ულპან ეციონი", მდებარეობს იერუსალიმში და დაარსებულია ისრაელის სახელმწიფოსთან ერთად, ერთ შენობაშია განთავსებული როგორც საერთო საცხოვრებელი ასევე საკლასო ოთახები. დაწესებულება ყოველწლიურად იღებს ახალ რეპატრიანტთა ორ ნაკადს : ივლისსა და იანვარში. საერთო საცხოვრებელში შესვლისთანავე შემეგება ქართველი (ქართველ-ებრაელი) თანამშრომელი მადონა :) , რომელიც იმ დღიდან ჩემს დიდ იმედად იქცა და ამავდროულად ის იყო ერთადერთი, ვისთანაც შემეძლო ყოველდღიურად პირადად მესაუბრა ჩემ მშობლიურ ენაზე. დაიწყო ხუთ-თვიანი "აბსორბციის ეტაპი" როგორც მას ისრაელში უწოდებენ. :)
ულპანში ვცხოვრობდით 250 ახალი რეპატრიანტი, 21-დან 35 წლამდე, უმაღლესი განათლებით, ჩამოსული 30 სხვადასხვა ქვეყნიდან, განსხვავებული კულტურის, ტრადიციების და ხშირ შემთხევავაში რელიგიის მქონეც. უმრავლესობას მაინც ფრანგები და რუსულად მოლაპარაკეები (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები) წარმოადგენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შემთხვევაში ინგლისური უფრო ითვლება მეორე ენად ვიდრე რუსული, დანარჩენი მსოფლიოს წარმომადგენლები მეც რუსულად მოლაპარაკეთა ჯგუფს მიმაკუთვნებდნენ და უფრო მეტიც მთელი 5 თვის მანძილზე მიწევდა ახსნა-განმარტება რომ საქართველო რუსეთი არ არის და ჩვენ გვაქვს საკუთარი ენა, კულტურა და უფრო მეტიც ტერიტორია. სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენელი და შესაბამისად ინტერესების დამცველიც მხოლოდ ერთი ვყავდი. ვცხოვრობდი ორ უკრაინელ და ერთ რუს გოგონასთან ერთად. ალბათ ბევრი ქართველი ბიჭი ინატრებდა ჩემს ადგილას ყოფნას :)
დიდი მადლობა მათ ჩემი დამტვრეული რუსულის საგრძნობლად გაუმჯობესებისათვის და ერთად გატარებული უამრავი რთული თუ სახალისო მომენტისთვის. შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებთანაც დღემდე ვკონტაქტობ და მივხვდი, რომ ენობრივი, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ბარიერები არ განაპირობებენ ადამიანთა დამოკიდებულებებს ერთმანეთისადმი. ხუთი თვის მანძილზე ვიღვიძებდით და ვიძინებდით საერთო რეჟიმით, 3-ჯერ გამოვცადეთ შუა ღამეს ატეხილი საჰაერო განგაში და ბუნკერში გათენებული ღამე, წვეულებები, ერთობლივი მზადება ტესტებისთვის თუ რიგითი გაკვეთილისთვის, ერთობლივი სადილი, ვახშამი და იმ პრობლემების განხილვა რომლებიც გვაერთიანებდა "ახალჩამოსულებს"... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 5 თვის მანძილზე ვიცხოვრეთ ერთ დიდ ოჯახად.
15 დეკემბერს კი ყველანი გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს, გავეშურეთ სხვადასხვა ქალაქებისკენ, და დაიწყო ნამდვილი "ისრაელური ცხოვრება" საერთოსაცხოვრებელს გარეთ, ბევრი სიძნელითა და დაბრკოლებით სავსე, თუმცა მაინც საინტერესო და მიმზიდველი... კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება ისრაელში - "ბრუხიმ ჰაბაიმ ლეიშრაელ" :) !