EuroCarto2024
მიმდინარე წლის 8-11 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია EuroCarto2024. კონფერენციას უმასპინძლა ვენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია (ICA), ბრიტანეთის კარტოგრაფიული საზოგადოება (British Cartographyc Societ), ჩეხეთის კარტოგრაფიული საზოგადოება (Česká kartografická společnost). კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი, ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, გეორგ გარტნერი. კონფერენციაზე მუშაობდა 20 თემატური სესია: კარტოთეორია, დიზაინი, გეოვიზუალიზაცია, მდგრადობა და კარტოგრაფია, CartoAI, რუკების გამოყენება, გენერალიზაცია, განათლება, ატლასები, თემატური კარტოგრაფია, კარტოგრაფია კატასტროფებსა და მენეჯმენტში, ანალიზი, ისტორია, VGI და კარტოგრაფია, მდებარეობაზე დაფუძნებული სერვისები, შემეცნებითი კარტოგრაფია, Web კარტოგრაფია, აპლიკაციები, ხელოვნება, დიზაინი და კარტოგრაფია, ტოპონიმიკა და ტოპოგრაფია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა მსოფლიოს 50 ქვეყნის 350 მეცნიერი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა 6 წევრიანმა ჯგუფმა ასოცირებული პროფესორის, ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ გორდეზიანის ხელმძღვანელობით (დელეგაციის წევრები: თენგიზ გორდეზიანი, გოჩა გუძუაძე, გიორგი დვალაშვილი, მანანა შარაშენიძე, თინათინ ნანობაშვილი და რომან კუმლაძე). კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ასოცირებული პროფესორი რობერტ მაღლაკელიძე. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე წარადგინეს 7 პრეზენტაცია (2 ზეპირი მოხსენება და 5 სასტენდო მოხსენება). ქართველ მეცნიერთა მოხსენებები ძირითადად შეეხებოდა კარტოგრაფიის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: კარტოგრაფიის თეორია, ატლასური კარტოგრაფია და თემატური კარტოგრაფია. ქართველ მეცნიერთა ჯგუფი მომავალი თანამშრომლობისა და განვითარების ნიშნით დატვირთულნი დაბრუნდნენ სამშობლოში. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კარტოგრაფიულ მეცნიერებას, რომელსაც ძალიან მდიდარი ტრადიციები გააჩნია!!!
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ გორდეზიანი















